საქმიანობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი” 2000 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა.
ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული კანონის “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. აღნიშნული კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებასა და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით 2010 წლამდე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. 2010 წლის ზაფხულიდან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პროექტების დაფინანსებას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და მათ რეგიონულ განვითარებას. ფონდი თანამშრომლობს გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან. ამასთან, ფონდი მუდამ ისწრაფვის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგია ფონდის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარეობს.
ფონდის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობისკენ. მძიმე სოციალურ – ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა საჭიროებს როგორც ფინანსურ, ასევე ფიზიკურ და მორალურ მხარდაჭერას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფონდის ფუნქციის გააზრება, რომელიც გულისხმობს არამარტო პროექტების გამტარიანობას, არამედ იდეების გენერირებას და საკუთარი ინიციატივების ხელშეწყობას. შესაბამისად, 2013 წელს ფონდს შემდეგი სამოქმედო გეგმა აქვს დასახული:
- 2013 წლის პრიორიტეტების შესაბამისად ფონდი დააფინანსებს სხვადასხვა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას;
- ამავდროულად, თავადაც იზრუნებს გრანტების მოძიების უზრუნველყოფის და საერთაშორისო სამსახურის გაძლიერებაზე;
- დაამყარებს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ფონდთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან;
- შეიმუშავებს თანამშრომლობის ფორმატს ცალკეულ ფონდებსა და ბიზნეს – წრეებთან, რაც უზრუნველყოფს დამატებითი სახსრების მოძიებას;
- სამინისტროსთან ერთად იზრუნებს ქვეყანაში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვიდრების საკითხზე;
- მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.




